თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციის ვიზიტი გაიმართა. მის ფარგლებში, აკადემიკოს, რექტორ ჯაბა სამუშისთან გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს, ეთნიკური უმცირესობების განათლების პოლიტიკას, საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.
როგორც შეხვედრაზე ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თსუ საქართველოში ჩინური ენის, კულტურისა და ისტორიის შესწავლის ცენტრია. მისი თქმით, ამისათვის გამოიცა ჩინეთის ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც სტუდენტების სასწავლო რესურსია. თსუ-ს მჭიდრო კავშირები აქვს ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებთან და მზადაა, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაზე, სახელმწიფო ენის პროგრამაზე, სასტიპენდიო პროგრამების გაზრდაზე.
თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) კომისარმა ცინ იჭიმ აღნიშნა, რომ ჩინეთში მცხოვრები 120 მილიონი ადამიანი ეთნიკური უმცირესობის წარმმომადგენელია და სახელმწიფო დიდ ყურადღებას აქცევს მათთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის მოგვარებას. ამისათვის მოქმედებს „ეთნიკური ერთიანობისა და პროგრესის ხელშეტყობის“ კანონი, რომელიც ხელს უწყობს ჩინელი ხალხის ერთიანი საზოგადოების ცნობიერების განმტკიცებას.